ანარქია და ქაოსი - ასეთია ოპოზიციის შეფასება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე. დღეს ხმაურიანი სხდომის შემდეგ, პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი აღარ უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების შესახებ კანონპროექტს. გადაწყვეტილება კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იქნა მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალინდელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნიდან.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება. „ოცნების“ ლიდერმა ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, უნდა მოიფიქროს რა სახის პოლიტიკური ფასის გადახდა უღირს გავლენების შესანარჩუნებლად.
„ელოდებიან ივანიშვილმა ახლა გამოთვალოს რა უფრო ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება მას ის, რომ რაღაც დათმობებზე მოუწიოს წასვლა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით თუ მურუსიძის და მისი მოსამართლეების კლანის ყველა მოთხოვნის შესრულება და ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის მითითებას. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილების გარეშე, ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ვერავინ, ვერც ამ შენობაში და ვერც ხელისუფლებაში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ენმ-ს ეთანხმება „ევროპული საქართველო“. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა ნათლად აჩვენებს, რომ კობახიძე ცდილობს დარბაზში გადმოიტანოს ბიძინა ივანიშვილის სურვილი ჩინჩალაძე-მურეუსიძისთვის სასამართლოს დაკანონებასთან დაკავშირებით.
„ივანიშვილის მთავარი სურვილია, რომ ჩინჩალაძის და მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს ქართული მართლმსაჯულება და დღეს ჩვენ ვხედავდით ამ სურვილის დარბაზში გადმოტანას როგორ ცდილობდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. სწორედ ამან გამოიწვია ოპოზიციის გაღიზიანება და ამან გამოიწვია უმრავლესობის გარკვეული წევრების გაღიზიანება. მე მაინც ველოდები, რომ ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე თავის გუნდთან ერთად ხელახლა ეცდება პროცედურების დარღვევით, როგორც დღეს ცდილობდა ამის გაკეთებას, თავს მოახვიოს მთელს საკანონმდებლო ორგანოს ივანიშვილის გადაწყვეტილება და მისი შესრულება, რაც ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.