მორიგი პოლიტიკური დუელი ყოფილ თანაგუნდელებს შორის. დაპირისპირება ამჯერად, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების კანონპროექტს მოყვა, რომელიც მმართველმა გუნდმა მეორე მოსმენით განსახილველად ისე დააყენა, რომ დეპუტატებს დოკუმენტის კორექტირებული ვერსია წაკითხულიც არ ჰქონდა.
ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან, მას შემდეგ ავიდა, რაც ირაკლი კობახიძემ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო. ბესელიამ კობახიძე გააფრთხილა, რომ მის შეურაცხყოფებს არ მოითმენს და პარლამენტის თავმჯდომარეობა იმუნიტეტი არ არის. გაფრთხილება მიიღო ეკა ბესელიამაც. დღეიდან მან ირაკლი კობახიძეს მხოლოდ თქვენობით უნდა მიმართოს.
ამ კონფლიქტის შემდეგ, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა. დეპუტატმა ყოფილი ლიდერი გააფრთხილა, რომ ის ცეცხლს ეთამაშება და თუ პარლამენტიდან კობახიძეს დროულად არ წაიყვანს, საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკური ცეცხლის ალში აღმოჩნდება გახვეული. ბესელია კობახიძეს დღეს იმპიჩმენტით პირდაპირ დაემუქრა.
პარლამენტში პოლიტიკურმა ვითარებამ დღეს კიდევ ერთხელ სასამართლოს გამო იფეთქა. „ქართული ოცნების“ მცდელობას დაჩქარებულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესი დაამტკიცოს, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის პროტესტიც მოყვა.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ ერთიანი პოზიცია არ არის, წინასწარ არის ცნობილი, რომ ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაცია ოცნება არ გაითვალისწინებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება ბიძინა ივანიშვილის ახირებაა და ის სასამართლოს კონტროლს ხელიდან არ გაუშვებს.
ევროსაბჭოს ექსპერტები მმართველ პარტიას ურჩევენ არ დანიშნოს ქვეყნის მთავარი სასამართლოს ყველა მოსამართლე და ნაწილი, ახალი, 2020 წლის მოწვევის პარლამენტმა აარჩიოს.
საბოლოო სიტყვას ხვალ ბიძინა ივანიშვილი იტყვის. უმრავლესობის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება და მას პარტიის თავმჯდომარეც დაესწრება. სხდომაზე გადაწყდება, ვენეციის კომისიის რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის კანონპროექტში.