19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
„ეს ჩამჭრელი შეკითხვაა რუსთავი 2-ისგან?"- თალაკვაძემ კობახიძესთან გამართულ საგანგებო შეკრებაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა

„ეს ჩამჭრელი შეკითხვაა "რუსთავი 2"-ისგან? იყო შესვენება ორ საათამდე. შესვენების დროს ვიყავით გუნდის ნაწილი შეკრებილი. ველოდებით სხდომის განახლებას,“-ასეთია არჩილ თალაკვაძის პასუხი, კობახიძის კაბინეტში გამართულ საგანგებო შეხვედრასთან დაკავშირებით, "რუსთავის 2"-ის შეკითხვაზე - არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა გუნდში,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კითხვას თავი აარიდა. 

როგორც ცნობილია, პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრების ნაწილი და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, კობახიძე ცდილობდა მათგან მიეღო გარანტიები, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" ერთი ნაწილი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ღიად აცხადებს, რომ სურს ამ შენიშვნების დიდი ნაწილი მოხვდეს კანონპროექტში.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოსამართლეების შესახებ კანონი კენჭისყრაზე არ გავიდეს. მდინარაძის თქმით, მას შემდეგ რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომიიის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, უზენაესი სასამართლოს "გასაჩერებლად" ახალ ხერხებს მიმართეს. 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს როგორმე ჩაშალოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და მოახდინოს სასამართლოს სისტემის ფუნქციონირების შეჩერება.

„ოპოზიციის მიზანი დღეს ნათლად გამოიკვეთა. არანაირი პუნქტები და მუხლები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელთა ნაწილს დღეს ვითვალისწინებთ მათ არ აინტერესებთ. მათ აქვთ ერთი მთავარი მიზანი, რომ ეს კანონი არ გავიდეს. რომ საერთოდ არანაირი კანონი არ გავიდეს და გაჩერდეს უზენაესი სასამართლო, გაჩერდეს სასამართლო სისტემა, რაც თავის მხრივ ნიშნავს გარკვეულ კოლაფსს ქვეყანაში. როგორც კი ნახეს რომ რეალურად ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, უპრეცედენტოდ გამართული კანონი შევქმენით და კომისიის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, ახლა გადავიდნენ სხვა მეთოდებზე და დანარჩენი ყველაფერი მათი მესიჯები არის ინსტრუმენტები, რომ გაჩერდეს სასამართლო. სხვა მიზნები მათ არ გააჩნიათ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. სესიის დაწყებისას ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძის კაბინეტში მმართველი გუნდის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

დღის ამბები