19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
"არ მაქვს ინფორმაცია, რა მოსთხოვა პრემიერმა მინისტრს" - მმართველი გუნდი ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულა.

გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, მინისტრის გადადგომის შესახებ განმარტებები პრემიერმა უნდა გააკეთოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მინისტრის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, მოსთხოვა თუ არა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრს გადადგომა.

„მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუ რა მოსთხოვა პრემიერმა მინისტრს... ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები ყველა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რომელზეც მინისტრებს მოვუსმინეთ. როგორც გითხარით, კიდევ დაგვრჩა საკმაოდ ბევრი ასეთი მოსმენა წლის ბოლომდე. ჩვენი პოზიციები საზოგადოებამ იცის, კითხვები ისმება, შეფასებები კეთდება. რაც შეეხება მინისტრების და კაბინეტში ცვლილებებს, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა გადაწყვეტილებების კუთხით თუ მეუბნებით და პრემიერ-მინისტრს უნდა სთხოვოთ ამაზე კომენტარი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრს გადადგომა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოითხოვა, მმართველ გუნდში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსს კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს და მინისტრის გადაყენების თემა აქტუალური არ არის.

„ბატონ ბიძინას აქვს თავისი შეხედულება, მეც მაქვს ჩემი შეხედულება, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს თავისი შეხედულებები. ეს არის შეხედულებები. მოვისმინეთ ამის შესახებ მისი აზრი და ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი აზრი. მხოლოდ აზრის დაფიქსირება თქვენ რომ დღეების განმავლობაში გაიხადოთ საფუძვლად, რა ხდება, ხომ არ მალავს მმართველი გუნდი რაღაცას, ეს არ არის, ჩემი აზრით, სწორი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები