„მე ვერ ვიტყოდი, რომ უარყოფითად ვაფასებ, ის ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ, ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო,“ - ეს განცხადება, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრის გადადგომის შეფასებისას გააკეთა.
რომან კაკულია აცხადებს, რომ გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ადეკვატურად ვერ აღიქვა.
მისივე თქმით, პრემიერს ეკონომიკის მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით პარლამენტთან კონსულტაციები არ გაუვლია.
„მის ცოდნას რაც შეეხება, მე არ ვაფასებ ამას ცუდად, ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს, მაგრამ საქართველო ძალიან სპეციფიკური თემაა, აქ ადეკვატურობა სიტუაციის პრაქტიკა უნდა და აქ სიღრმეებში ჩასვლა უნდა, რომ ეს აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემა, მაგრამ ეს დაბალანსებადი იყო დროთა განმავლობაში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს.
ქობულია გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.