19 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
კლანი "ოცნების" მესიჯებს იმეორებს - არასამთავრობოები ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას ეხმაურებიან 

არასამთავრობო სექტორი დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას ეხმაურება. საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც მან ვენეციის კომისია არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში დაადანაშაულა. წერილში, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, იუსტიციის საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ კომისიის დასკვნა პოლიტიკურ სარჩულსაც ატარებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილის ეს განცხადება ხაზს უსვამს თუ რამდენად მძიმე ვითარებაა დღეს მართლმსაჯულების სისტემაში.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა და ამიტომაც გასცა ასეთი რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ. ბატონ გვრიტიშვილმა ეს შეიძლება ძალიან მარტივად გაიგოს და რატომ არ ესმის ეს მიკვირს მე, როდესაც ასეთ რამეს ამბობს ვენეციის კომისია, ეს ნიშნავს, რომ ძალიან რთული ვითარებაა სასამართლოსთან დაკავშირებით ქვეყანაში და ამიტომაც იძლევა ასეთი ტიპის რეკომენდაციას ვენეციის კომისია, რომელიც გეუბნება, რომ გაჩერდი და ნუ გააკეთებ, ნუ დააკომპლექტებ ბოლომდე სასამართლოს. უმარტივესი ასე ვთქვათ ამოცანაა, რომლის ამოხსნა არის ძალიან ადვილი, მაგრამ ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, ის ვერ დაინახავს,“ - განაცხადა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შეშფოთებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტიც. ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში ერევიან და ამისთვის მათ პასუხი არ მოეკითხებათ.

„ფაქტობრივად მათ პოლიტიკური ნიშნით რაღაცა დასკვნების დაწერაში ადანაშაულებს ხომ?! ძალიან სამწუხაროა, ეს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოსამართლე თუ ამას გააკეთებს, ამას მოჰყვება ხოლმე შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, რომ მოსამართლეთა კლანის წევრები სრულიად ასე ვთქვათ თავისუფლად, ყოველგვარი პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების გარეშე, რაც უნდათ იმას ამბობენ და რა პოლიტიკურ პროცესშიც უნდათ იმაში ერევიან,“ - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

საია-ს ხელმძღვანელი კი დარწმუნებულია, რომ დმიტრი გვრიტიშვილი „ქართული ოცნების“ მესიჯებს იმეორებს.

„ეს რაღაც ემსგავსება სივრცეს, მოცემულობას და რეალობას, როდესაც ქართული ოცნება გააჟღერებს კონკრეტულ მესიჯებს. იტყვის რას ითვალისწინებს და რას არა. და ამის შემდგომ მათი ერთადერთი მხარდამჭერი ჩნდება პრაქტიკულად ეს კლანი და კლანთან დაახლოებული  მოსამართლეთა ჯგუფი. სხვა მხარდამჭერი მათ ამ პროცესში არ ჰყავთ და ძალიან ცუდია, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ყველაზე მხურვალე მხარდამჭერები ჰყავთ სწორედ როგორც წესი ამ კლანის და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან,“-განაცხადა სულხან სალაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები