პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს სამართლის ცოდნა დაუწუნა. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატის უკმაყოფილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ კონსტიტუციური ორგანოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
"გაოცებას ვერ ვმალავ იმიტომ, რომ ცოტა უხერხულია ისეთ ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებთან დაკავშირებით მაინც ასეთი განცხადებების გაკეთება რომ ისმის, ეს ნიშნავს, რომ ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში გარკვევის პრობლემა არსებობს. რას ნიშნავს კონსტიტუციური ორგანოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, სადმე გაგიგიათ, რომ ასეთი რამე არსებობს? ასეთ რაღაცეებს იურისტი რომ ლაპარაკობთ, ძალიან უხერხულია იმიტომ, რომ სტუდენტებს ასწავლიან ამას. არ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. კონსტიტუციური ორგანოა ყველა ის ორგანო და ყველა გადაწყვეტილება საჩივრდება, მათ შორის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. რაზე ლაპარაკობთ? ოჯერ ორი ოთხია?“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.