19 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მმართველი პარტია, ფაქტობრივად, ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს - ოპოზიცია

პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კანონპროექტს მეორე მუხლობრივი მოსმენით განიხილავდნენ. სხდომაზე ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას აპროტესტებდა. 

ხელისუფლებს ოპონენტების თქმით, მმართველმა პარტიამ არც ერთი ის ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდათ, არ გაითვალისწინა. 

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გაუქმებას, რომლის გათვალისწინებაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

„რატომ უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ასაკს, განათლებას და პროფესიული მუშაობის გამოცდილებას და ნებისმიერი სხვა საკითხის გასაჩივრების უფლება რატომ არ უნდა მივცეთ ამა თუ იმ კანდიდატს. კავშირშია ეს თავისთავად, იმასთან რომ ნებისმიერ ეტაპზე და ინსტანციაზე უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით, ამა თუ იმ კანდიდატს გასაჩივრების უფლება. უნდა გავაფართოვოთ გასაჩივრების მექანიზმი საკითხებთან მიმართებაშიც და პროცედურებთან მიმართებაშიც“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისთვის 5 სამუშაო დღე მცირეა. რაც მისი თქმით, იმის მანიშნებელია, რომ პროცესი ფორმალურია.

„5 სამუშაო დღე განსაზღვრული იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის, პირდაპირ ხაზს უსვამს ფორმალურობას ამ პროცესის. მით უმეტეს, რომ თუ თქვენ აპირებთ რომ 18 მოსამართლე ერთდროულად იქნეს წარმოდგენილი, შეიძლება ვსაუბრობდეთ 100 და მეტ კანდიდატზე და შეუძლებელია, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში თითოეული წევრი გაეცნოს ამ დოკუმენტაციის ჩამონათვალს... ამიტომ, მე მგონი, ეს ვადაც უნდა გავზარდოთ, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროცესი მთლიანად ფარსსა და ფორმალურობად არ გვინდა ვაქციოთ“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

 

 

დღის ამბები