19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან გადაყენებულია - ქობულიას სახლში გასაშვებად „ქართულ ოცნებას“ საგანგებო ზომების გატარება დასჭირდა

ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან გადაყენებულია. ცხრა თვის წინ მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას სახლში გასაშვებად „ქართულ ოცნებას“ ასევე საგანგებო ზომების გატარება დასჭირდა.

გიორგი ქობულია რომ თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავდა, ამაზე მისი კომენტარებიც მიუთითებს. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ეკონომიკის მინისტრის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ქობულია კი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ის წასვლას არ აპირებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს განცხადების დაწერას პრემიერი მამუკა ბახტაძე რამდენიმე კვირაა აიძულებს, თუმცა გიორგი ქობულია, თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებაზე უარს ამბობს.

დილით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობდნენ, რომ გიორგი ქობულიას გადაყენება არ იგეგმება და რუსთავი2-ს არააქტუალური თემის გაშუქების გამო საყვედურობდნენ.

უმრავლესობის ნაწილი კი ამბობდა, რომ პრემიერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება პარლამენტის გარეშე არ უნდა მიიღოს და კონსულტაცია ქობულიას მიმართ არსებული შეკითხვების შესახებ, როგორც მინიმუმ შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებთან უნდა გაიაროს.

ქობულიამ მინისტრობის დროს ძალიან ბევრჯერ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ცინიზმადაც კი ჩანდა.

ამ გამონათქვამების მიუხედავად, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გიორგი ქობულია არაადეკვატური შეფასებებით, მინისტრთა კაბინეტში გამონაკლისი არ არის, ამიტომ დარწმუნებულები არიან, რომ მისი გადაყენების მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.

გიორგი ქობულია ერთ-ერთი პირველი მინისტრი იყო მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ვინც ახალმა პრემიერმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაასახელა. თავდაპირველად მისი საქმიანობა, კრიტიკის მიზეზი ხშირი და ხანგრძლივი შვებულებების გამო გახდა, მოგვიანებით კი საქმიანობა მისმა გამონათქვამებმა გადაფარა, მათ შორის ქობულიას ფრაზამ, როცა მინისტრის სახლი გაქურდეს.

უცნობია, რა განმარტებებს გააკეთებს ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი, იტყვის თუ არა, რატომ აიძულებდა მამუკა ბახტაძე განცხადების დაწერას და სად წავა ღარიბი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმდიდრესი მინისტრი, რომელის ქონებაც ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით 30 მილიონი ლარია.

დღის ამბები