19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
მოსამართლეების შერჩევა და ვენეციის კომისიის დასკვნა - „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების დიდი ნაწილს არ ითვალისწინებს

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს არ გაითვალისწინებს. მმართველი პარტია უარს ამბობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი შემდეგ მოწვევის პარლამენტმა აირჩიოს.

მმართველმა გუნდმა უარი თქვა ვენეციის კომისიის კიდევ ერთ რეკომენდაციაზე. ექსპერტების ჯგუფი ევროსაბჭოდან მიიჩნევს, რომ უმჯობესია თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების განხილვის შემდეგ ღია კენჭისყრას ჩაატარებს. ამით პროცესი გამჭვირვალე იქნება და საზოგადოებას ეცოდინება, კანდიდატებს ვინ და რა არგუმენტით მისცა ხმა. ღიაობა ივანიშვილის გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. კენჭისყრა ისევ ფარული იქნება.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, შექმნას დამატებითი შანსი მოსამართლეობის კანდიდატებისთვის. თუკი ისინი ჩათვლიან, რომ საბჭოს წევრებმა არასამართლიანად დაიწუნეს, მათ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება აღარ შეეძლებათ. ვენეციის კომისია კი მიიჩნევდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონოდათ.

ევროპელი ექსპერტების დასკვნიდან მმართველი პარტიისთვის მისაღები მხოლოდ ორი რეკომენდაცია აღმოჩნდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება, წრე გაფართოვდება და კონკურსში მონაწილეობა გაცილებით მეტ პროფესიონალს შეეძლება.

„ქართული ოცნება“ თანახმაა, დათმოს კიდევ ერთი მუხლი. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თუკი ის უზენაესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატიც იქნება, საკუთარი თავის და კონკურენტების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა აეკრძალება.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ვენეციის კომისიის დოკუმენტს პოლიტიზირებულს უწოდებს. მესამე სექტორისა და ოპოზიციის შემდეგ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის თავდასხმის ობიექტი ვენეციის კომისია გახდა. ევროსაბჭოს იურისტების ჯგუფი, რომელიც 47 ქვეყანაში მთავარი კანონების სამართლებრივ რევიზიას ახდენს, გვრიტიშვილმა არაკონსტიტუციური რეკომენდაციების გაცემაში დაადანაშაულა.

დღის ამბები