სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგა. მან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ეუთო-სა და ოდირის დასკვნაზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
ომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების მიმართ ფარული კენჭისყრის პროცესი გაუუქმდეს და ღია კენჭისყრა გაიმართოს.
ნინო ლომჯარია დეპუტატებს ურჩევს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელონ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ფარული კენჭისყრების გზით, მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ნომინირება უნდა მოხდეს არა უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერით, არამედ იმ კანდიდატების, ვინც აჩვენებს საუკეთესო შედეგს, ვინც იქნება ყველაზე კვალიფიციური, ვინც იქნება ყველაზე კომპეტენტური, ხოლო ფარული კენჭისყრა ამ პრინციპს, რაც საყოველთაოდ აღიარებულია, უთხრის ძირს. ჩემი მთავარი მესიჯია, რომ განიხილოთ აღნიშნული საკითხი. აქ დაისვა შეკითხვა, რას გირჩევთ მე, ვიცი, რომ გარკვეული ფორმალური გარანტიები არსებობს, რომ შესაძლოა, მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კიდევ ერთხელ სამუშაო ფორმატში შეკრებილიყავით დეპუტატები და კიდევ ერთხელ განგეხილათ, არის თუ არა სრულ შესაბამისობაში, იქნება თუ არა თქვენ მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი იმ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან, რაც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციებმა გასცეს და შესაძლებელია, ამ პროცესის მეორე მოსმენაზე დაბრუნებაზე გეფიქრათ,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.