ჯარისკაცები პირსახოცების გარეშე, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში იყვნენ - სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირსახოცების შესაძენად თავდაცვის სამინისტრომ ნახევარ მილიონ ლარიანი ტენდერი 2018 წელს გამოაცხადა და გამარჯვებულთან ხელშეკრულება გასული წლის 8 მაისს გააფორმა. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცებამდე პირსახოცები ერთი წლის დაგვიანებით მიიტანეს.
ტენდერში სტანგერ ხომასურიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჩხერელმა ბიზნესმენმა ჯარის პირსახოცებით მომარაგება დროულად ვერ შეძლო. თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის შეწყვეტის ნაცვლად, ხომასურიძეს ხელშეკრულება 3-ჯერ გაუგრძელა.
ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობდა. ინდმეწარმე სტანგერ ხომასურიძეზე დაბალ ფასს სამინისტროს მხოლოდ ერთი კომპანია შპს ”ელ+” სთავაზობდა, თუმცა ამ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმიტომ მიანიჭა, რომ შეთავაზებული ფერი მახასიათებლებს არ ემთხვეოდა.
კრიტერიუმების მიხედვით, სტანგერ ხომასურიძეს 400 გრამიანი ხაკისფერი, მუქი მწვანე, ყავისფერი ან ლურჯი თურქული წარმოების პირსახოცი უნდა შეეძინა, თუმცა, ბიზნესმენის მიერ სამინისტროში წარდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ პირსახოცები ჩალისფერი იყო.
”კურიერმა” პროდუქციის წონაც გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ თითოეული პირსახოცი 314 გრამს იწონის, ანუ მოთხოვნილზე უფრო თხელია. დარღვევების მიუხედავად, თავდაცვამ პროდუქცია მაინც ჩაიბარა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ხომასურიძემ პირსახოცები თბილისში სატენდერო ღირებულებაზე 4-ჯერ იაფად შეიძინა.
შეესაბამება თუ არა სტანდარტებს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩაბარებული პირსახოცები - ამ კითხვით ლევან ხაბეიშვილმა უწყების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსს მიმართა. ამირან მეთოფიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო კონტრაქტორის მიერ წარდგენილ დასკვნებს დაეყრდნო და პროდუქცია დამატებით არ შეუმოწმებიათ. შესაბამისად, არ იცის პირსახოცი თურქული წარმოებისაა, თუ თბილისში შეკერეს.
საქართველოს შეარაღებულ ძალებში სულ 37 ათასი ჯარისკაცი მსახურობს, ნახევარ მილიონ ლარად ნაყიდი 60 ათასი პირსახოცის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ 40 ათასი პირსახოცის შეძენა კიდევ გადაწყვიტა და ამისთვის დამატებით 250 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პასუხით, მიმწოდებელმა პროდუქციის ჩაბარების ვადები დარღვევია და ამის გამო პირგასამტეხლოც დაეკისრა. უწყებაში განმარტავენ, რომ სამხედროებს პირსახოცების დეფიციტი არ შექმნიათ.