19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ცვლილებები რაც იყო შეტანილი, არ მივიჩნიე საკმარისად იმისთვის, რომ მწვანე ღილაკს დამეჭირა ხელი - კობერიძე გუნდის წინააღმდეგ წასვლის მიზეზს განმარტვს

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა თუმცა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნულ ინიციატივას ხმა არ მისცა.

მმართველი გუნდის საერთო პოზიციას გაემიჯნენ ლევან კობერიძე, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე.

ლევან კობერიძე მის გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ არის პრინციპული საკითხები კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხარს არ უჭერს. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთ ასეთ საკითხს ფარული კენჭისყრის დატოვება წარმოადგენს.

საქმე ეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გაუქმებას, ამის გათვალისწინებაზე კი "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

„იმ განხილვებიდან გამომდინარე, ცვლილებები რაც იყო შეტანილი, მე არ მივიჩნიე საკმარისად იმისთვის, რომ ჩამეთვალა, რომ ის ცვლილებები საკმარისია იმისთვის, რომ მე მწვანე ღილაკს დამეჭირა ხელი. ჩემთვის ერ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო ფარულობის თემა ანუ კენჭისყრის თემა და კიდევ იყო რამდენიმე საკითხი. მე ჩემი განცხადება მანამდეც გავაკეთე გუნდის შიგნით და არ მქონია არავისგან დაფარული, თუ რა შემთხვევაში დავუჭერდი მხარს და რა შემთხვევაში არ დავუჭერდი მხარს კანონს. პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როდესაც მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ წინააღმდეგ ვაძლევდი ასეთი სახით ამ კანონპროექტს ხმას,“ - განაცხადა კობერიძემ.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო.

პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ომბუდსმენმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში არ განეხილათ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაეთვალისწინებინათ.

დღის ამბები