"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამენ „რუსთავი 2-ს“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც კობახიძე აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, რომ დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს, რათა ქვეყანაში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს.
„საქართველოს პარლამენტში ყოველ დღე თავს ესხმიან „რუსთავი 2-ს“ როგორც ტელევიზიას, მის ხელმძღვანელობას. დღეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთრ გამოსვლებში ძალიან ბევრი დრო დაუთმო „რუსთავი 2-ს“ და „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელს, მთავარ საფრთხედ აღიქვამენ „რუსთავი 2-ს“ იმიტომ, რომ ეს არის ხალხის ტელევიზია და ენდობა ხალხი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის წევრების თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს განსხვავებული აზრი აღიზიანებს.
„მათი განზრახვა, რომ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა, ეს პირდაპირი ტექსტით გვითხრა პარლამენტის თავმჯდომარემ. ის ახმოვანებს ივანიშვილის მითითებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კლანზე, ეს კლანი არ არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კლანი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მორჩილ უმრავლესობას, სრულიად კონტროლირებად მარიონეტების მთავრობას და მორჩილ სასამართლო ხელისუფლებას. ივანიშვილია ჩვენი პრობლემა, მას აღიზიანებს და მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, ვიანიდან ის თვლის, რომ საზოგადოების აღქმა აცდენილია რეალობას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
ხელისულების ოპონენტების შეფასებით, "რუსთავი 2-ზე" შტურმის მიტანა ხელისუფლებას არასოდეს შეუჩერებია.
„მგონია, რომ ეს შტურმი არც შეწყვეტილა არასოდეს და სტრასბურგის სასამართლომ გადაარჩინა სიტყვის თავისუფლებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი, „რუსთავი 2“, საზოაგდოების აქტიურობამაც. ახლა არის მოლოდინი, რომ შემდეგი მომენტისთვის ემზადებიან, როცა თუ ექნებათ შანსი, ამ „პრობლემის“ გადაწყვეტის,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.