„2014 წელს მე ხმა პეტრო პოროშენკოს მივეცი და ძალიან ვნანობ,“ -ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელსაც ამომრჩევლის უდიდესი მხარდაჭერა აქვს.
ოლიმპიურ სტადიონზე გამართული პირველი და ბოლო დებატები უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.
19 აპრილი ბოლო დღეა, როდესაც კანდიდატებს წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების უფლება აქვთ. დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
„ჩვენ ვხედავთ ორ პოროშენკოს. პირველი, მიხაილოვის მოედანზე ყვირის - პუტინო მე შენ გიჩვენებ. მეორე, მედვეჩუკს მოსკოვში მოკითხვებს აბარებს. პირველი, ამბობს, რომ სკოლას გახსნის, მეორე, როშენის კამფეტების მაღაზიას. პირველი ამბობს, რომ დოლარის კურსი 10 იქნება, მეორე - 30-ს ხდის. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც მოვიდა, რომ ეს სისტემა დაანგრიოს. მე, ბატონო პეტრო, თქვენი შეცდომების შედეგი ვარ, მითხარით, 5 წელი გავიდა, რატომ არ ვიცით მაიდნის მკვლელების სახელები, ღამით როგორ გძინავთ?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
დღევანდელ დებატებში პოროშენკომ კორექტივები შეიტანა. წინასწარ მოწყობილი ორი სცენის ნაცვლად ის ზელენკისთვის განკუთვნილ სცენაზე ავიდა და იქიდან მიმართა მხარდამჭერებს.
„ჩვენ ტოტალური არაკომპეტენტურობის მოწმეები ვართ, ყველა კითხვაზე პასუხი ცნობილია. ფრონტის ხაზზე, რომ ყოფილიყავით, რა ხდებოდა დებელცევოში, მებრძოლებს რომ შეხვედროდით, გეცოდინებოდათ, რამდენი სისხლი გაწირა უკრაინამ და კითხვას სხვანაირად დასვამდით, მაგრამ თქვენ გულს სტკენდით უკრაინას თქვენი ხუმრობებით, ცდილობდით რუსული ბიუჯეტიდან ფული მიგეღოთ, რომ ფილმები გადაგეღოთ,“ - განაცხადა პოროშენკომ.