ლეგალიზებული კორუფციული გარიგება - თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ პარტიულ ბიზნესმენს მრავალმილიონიანი საჩუქარი გაუკეთა. ბექა ოდიშარიას დღეს თაბორის მთაზე მდებარე ნაკვეთი მუხიანში მდებარე ათჯერ დიდ ფართობში უსასყიდლოდ გაუცვალეს.
ხმაური საკრებულოს სხდომაზე ბექა ოდიშარიასთვის სახელწიფოს მხრიდან მიწის გაცვლის განხილვას მოყვა. თაბორის მთაზე 3500 კვადრატი მიწის ნაცვლად დეპუტატმა მუხიანში 3 ჰექტარი მიიღო.
ოპოზიციამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ თაბორის ნაკვეთში „ოცნების“ დეპუტატმა სულ 212 ათასი ლარი გადაიხადა, ახალი ნაკვეთის ღირებულება კი 6 მილიონამდეა.
დღეს ბექა ოდიშარიასთვის მიწის გადაცემას მხარი „ოცნების“ დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ და „ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ წასულმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა არ დაუჭირეს.
მმართველი გუნდისთვის პრეტენზიები გაუგებარი აღმოჩნდა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოდიშარიას ქონება 5 ნახევარ მილიონ ლარად სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა და შესაბამისია მიწის მონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილებაც.
ოპოზიცის თქმით, მერიას ნებართვა, რომ არ გაეცა, ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთი ნაკლები თანხით შეფასდებოდა და დედაქალაქის ბიუჯეტის ნაკლებად იზარალებდა.
დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც თაბორის მთაზე მშენებლობაზე უარი მერთან მოლაპარაკების შემდეგ რამდენიმე კვიროს წინ თქვა, ამბობს, რომ მას მხოლოდ მიწა არ დაუთმია. პროექტი, რომელიც წლებია შეიქმნა, მისი თქმით, საკმაოდ ძვირი დაჯდა და ადგილზე სხვადასხვა სამუშაოებიც გაწიეს.
მიწისმონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თაბორის მთაზე მშენებლობა აღარ იქნება. ბექა ოდიშარია კუთვნილ ტერიტორიას უახლოეს პერიოდში მიიღებს.