უკრაინაში სიჩუმის დღეა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ქვეყანაში ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება.
კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული დებატების შემდეგ, საკუთარ ამომრჩეველს პეტრო პოროშენკომ ტელეეთერიდანაც მიმართა.
მისი ოპონენტი ვლადიმერ ზელენსკი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში დაგეგმილ დებატებზე არ გამოჩენილა.
ტელევიზიაში ტერაქტის საფრთხის შესახებ სატელეფონო ზარიც შევიდა, თუმცა, უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს შენობა არ დაუტოვებია.
„გვაცნობეს, რომ დარბაზში იმყოფება ადამიანი, რომელმაც შესაძლოა, ტერაქტი მოაწყოს. მთხოვეს, ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მეთქვა, რომ მათ, ვისაც ეშინია, დარბაზი დატოვოს,“ - განაცხადა წამყვანმა.
ამ განცხადების საპასუხოდ კი პოროშენკომ განაცხადა, რომ „მე აქ ვრჩები და ვაგრძელებ“.
კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული დებატების შემდეგ უკრაინელი ამომრჩეველი, ვისაც არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვის აძლევდა ხმას, კვლავ გაურკვევლობაშია.
პოროშენკოს მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართ ერთგული რჩება.
„მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენა. ამ დებატებმა ყველას დაანახა, რომ პრეზიდენტის ოპონენტსა და მის გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ მე ისევ ვრჩები ჩვენი პრეზიდენტის გულშემატკივრად და მინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ უკრაინელები პრეზიდენტის მხარეს არიან,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
მოქმედი პრეზიდენტისგან განხსვავებით, ზელენსკის გულწრფელობაზე უსვამენ ხაზს მისი მხარდამჭერები. ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ცვლილებას ითხოვენ.
„ზელენსკი აბსოლუტურად გულწრფელია და ვფიქრობ, ამას ყველა მიხვდება, ვინც დებატებს უსმინა. ფაქტია, რომ მას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა სურს. გულწრფელად სურს, რომ ჩვენ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება მოგვაშოროს და სისტემა დაანგრიოს,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.