აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან - ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა პერფორმანსის ფონზე კანონპროექტი წარადგინა.
ინიციატივის თანახმადაც, პირველი სექტემბრის ნაცვლად, 15 მაისიდან უნდა ამოქმედდეს შრომითი ინსპექცია და კანონში სათანადო ცვლილებები შევიდეს.
ლაშა ჩხარტიშვილმა შრომითი პირობების დარღვევისას კომპანიებისთვის სანქციების გახუთმაგება მოითხოვა.
„საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ, შეწყდეს გვამებით ვაჭრობა. სხვა არაფერი შეიძლება, დაერქვას იმას, რომ შრომის ინსპექციის რეალური ამოქმედება უნდა პირველი სექტემბრიდან. ჩემს მიერ მომზადებული იქნა კანონპროექტი, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში და რომლის თანახმად, პირველი სექტემბრის ნაცვლად, 15 მაისიდან უნდა იქნას ამოქმედებული შრომის ინსპექცია და სათანადო ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში ამ კანონპროექტის თანხმად. ამის გარდა, უნდა გახუთმაგდეს სანქციები იმის სანაცვლოდ, თუ იქნება დარღვეული შრომის პირობები,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი აქტივობა იყო. ლეიბორისტული პარტიის წევრების ინფორმაციით, თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მასშტაბური აქციები გაიმართება.