მონპელიეს მსგავსად დახმარებას ითხოვენ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ემიგრანტები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა თავშესაფრის მინიჭებაზე ქართველებს უარს ეუბნება და ქვეყნის დატოვების შესახებ შეტყობინებას სასამართლოს გარეშე უგზავნის.
საფრანგეთში მყოფი ქართველები, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორები შეცდომაში შეყავს, როცა ამბობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და დასაქმების პრობლემა არ არის.
„სალომე ზურაბიშვილი დადის, თითქმის, ყოველ დღე საფრანგეთში, საფრანგეთის პრეზიდენტს ხვდება, დადის ზალკალიანი, მინისტრი და ეუბნება ყველას, რომ გამოუშვით ქართველები, ჩვენთან გამართული სისტემა არის ჯანდაცვისო, არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ არისო, ეს ყველაფერი ამათი მოგონილიაო, ვითომ, კარგი ცხოვრება უნდათ, მუშაობა ეზარებათ საქართველოში და ამის გამო არიან წამოსულებიო. რაც ზურაბიშვილი ჩამოვიდა და ისაუბრა, იმის შემდეგ შემოიღეს ეს კანონი საფრანგეთში, თორემ ყველას აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ დაგესაბუთებინა და სასამართლოს განეხილა, გადაეწყვიტა და გამოეტანა განაჩენი. ახლა ესეც შეწყვიტეს, მხოლოდ ქართველებთან მიმართებით არის, დანარჩენი არცერთ ქვეყანასთან მიმართებით ასეთი რამ არ ხდება. ქუჩაში უნდა გავჩერდეთ იმიტომ, რომ ჩვენი საქართველოში დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია,“ - განაცხადა ემიგრანტმა მარიამ თავაქალიშვილმა.