„საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიზისის მოწყობა მოახერხა,“ - პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში საგანგებო განცხადება გაკეთდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„სრულიად გაუგებარია, დილიდან ყველა ვადევნებთ თვალ-ყურს ამ განვითარებულ მოვლენებს. სრულად გაუგებარია, რა საჭირო იყო თელავში მოლაპარაკების წარმოება ან ვითომ მოლაპარაკებების წარმოება და პარალელურად, მუშაობის დაწყება ხეობაში, თუ რაღაც ჰქონდათ სათქმელი, რომელიც შეეხება ენერგეტიკას, სამართლებრივ საკითხებს, წყნარად დაგემთავრებინათ ეს მოლაპარაკებები, შემდეგ განგეახლებინათ ეს მუშაობა. კიდევ უფრო აღშფოთებას იწვევს ის, რომ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი დააპატიმრეს და გადაყვანილია სადღაც. რამდენადაც ვიცი, გურჯაანშია გადაყვანილი, რაც კიდევ ერთი შემთხვევაა იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, შინაგან საქმეთა მინისტრო თავის სურვილისამებრ უზღუდავს გადაადგილების და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.
„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან. არაფერს ეს სპეცდანიშნულების რაზმები იქ არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები გააღიზიანოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.