პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მრავალწლიან, გაუაზრებელ პოლიტიკის შედეგს უწოდებს. ნინო გოგუაძე ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პანკისელებს არ აქვთ იმის განცდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, მათ აქვთ დიდი უსამართლობის გრძნობა, რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ნინო გოგუაძე გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ვითარების განმუხტვას შეძლებს.
„ეს ვითარება არ ეხება მარტო ჰესების პრობლემას, ეს არის მრავალწლიანი, გაუაზრებელი უმოქმედო პოლიტიკის შედეგი რაც ხდება დღეს პანკისის ხეობაში. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პანკისელებს არ აქვთ აღქმა იმის, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ ძალიან ბევრი და დიდი უსამართლობის გრძნობა აქვთ, ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზეც არანაირ პასუხი სახელმწიფოსგან არ არის. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს იმ ძალიან რთულ ვითარებას, რომელიც დღეს ვითარდება პანკისის ხეობაში“ - აცხადებს გოგუაძე.