"არ იციან, როგორ იურთიერთონ, როგორ იმუშაონ ჩვენს პანკისელ მოსახლეობასთან" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ გააკეთა.
ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პანკისელებს ჰესის მშენებლობის შესახებ სწორი არგუმენტაცია უნდა მიაწოდონ.
„აქ არის მთლიანობაში, უპასუხისმგებლო, უგუნური ხელისუფლების ქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც პანკისში ამ ჰესით არ დამთავრებულა და აბსოლუტურად სცდება ამ კონკრეტული ჰესის საკითხს. წლების განმავლობაში, მათ უბრალოდ არ იციან, როგორ იურთიერთონ, როგორ იმუშაონ ჩვენს პანკისელ მოსახლეობასთან. ეს არის ძალიან სენსიტიური რეგიონი. ჯერ მაჩალიკაშვილის საქმე, რომელსაც ამდენი ხანი ოჯახი ელოდება და პასუხი არ არის არაფერზე. ახლა კუნთებს, რომ იქნევენ ერთი პატარა ციცქნა ჰესი ვერ აუშენებიათ ისე, რომ სპეცრაზმს არ ამოეფარონ ეს მინისტრები თურნავა იქნება თუ გახარია თუ ვინც გინდათ... სადამდე მიჰყავთ სახელმწიფო, რომ ვერ აგვარებენ ელემენტარულ საკითხს“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებაა.
„აუცილებლად, ეს ვითარება ახლა უნდა განიმუხტოს და პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ უგუნურ ხელისუფლებას, რომელიც პრობლემას პრობლემაზე ახვავებს ამ ქვეყანაში და გვაყურებინებს ჩვენ პანკისელ მოქალაქეებთან ესეთ დაპირისპირებას,“ - აცხადებს ხოშტარია.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობაში „უგუნურ“ პოლიტიკას ახორციელებს.
„პირადად ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი მთელი თავისი ამ გუნდით იმაზე, თუ რა კადრებსაც ჩვენ დღეს ვუყურებდით პანკისში და ზოგადად, რა პოლიტიკაც აქვთ იქ,“ - აცხადებს ხოშტარია.