„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავჯდომარე პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ნინო ბურჯანაძე ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას დაუშვებელს უწოდებს.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება არაფერს ანგარიშს არ უწევს. მათ შორის არც იმის, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებენ როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.
„არ უწევს ანგარიშის იმასაც, რომ წარმოიდგინეთ, ის რაც ხდება დღეს პანკისის ხეობაში, მარტო საქართველოში ხომ არ გადაიცემა. ამას უყურებენ აფხაზეთში, ამას უყურებენ ცხინვალის რეგიონში და რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ამ ყველაფრისგან აფხაზებმა და ოსებმა, მე ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო არ სჭირდება“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არა დღეს, არამედ აქამდეც უნდა დაეწყოთ.
„დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, გაერკვიათ რა აწუხებს, რა უჭირს და რა ულხინს, რა არგუმენტები აქვს. როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო სპეცდანიშნულების რაზმის ენით და როგორ შეიძლება პანკისის ხეობაში გამოიყენო პლასტიკური ტყვიები და ცრელმსადენი გაზი. წარმოუდგენელია უბრალოდ. ეს იცით რისი ბრალია ბატონო ბიძინა? ქვეყანას რომ მართავთ როგორც საკუთარ კორპორაციას, როდესაც ბიზნეს ინტერესები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა“ - აცხადებს ბურჯანაძე.