19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
"ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის" - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე არ საუბრობს

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რასაც გუშინ დაპირისპირება მოჰყვა, ინფორმაციას არ ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ნინო ენუქიძე ამბობს, რომ არც პროექტის განხორციელების დეტალებზე აქვს ინფორმაცია, არც იმაზე, რატომ შეიყვანეს ხეობაში სპეცრაზმი და არც ის გაუგია, რომ გუშინ ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ენუქიძე მხოლოდ ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდასა და ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

„არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას, მაგრამ ზოგადად ხაზს გავუსვამ იმას,რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ძაან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ახალი ჰიდროელექტროსადგურები არ აშენდა უფრო მეტად და მეტად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ვიქნებით დამოკიდებული, უფრო მეტი მოთხოვნაა დღეს ქვეყანაში,“-განაცხადა ენუქიძემ.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

ამავე თემაზე
დღის ამბები