თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე, პარლამენტის წევრები სუს-ის ანგარიშს უკვე ოთხ საათზე მეტია დახურულ რეჟიმში განიხილავენ. ამ წუთებში, დეპუტატები გრიგოლ ლილუაშვილის პასუხებს ისმენენ.
რაც შეეხება, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, დახურულ კარს მიღმა გაეგრძელებინა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.
ოპონენტების აზრით, გაერთიანებული საკომიტეტო სხდომის დახურვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დაიხურა, ოპოზიციამ ის შეკითხვები.
ოპოზიციის წევრებმა მედიასთან ის კითხვები გაასაჯაროეს, რომელიც მათ დახურულ სხდომაზე დასვეს. მათ შორის იყო, რამდენად არის ეფექტური სუს-ი რუსეთის აგენტების წინააღმდეგ ბრძოლაში და გამოავლინეს თუ არა ვინმე.
სხდომის დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი. დეპუტატის აზრით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ეჭვს აჩენს, რომ მთავრობა საზოგადოებისთვის დასამალი აქვს.
„არის საკითხები, რასაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლას ან უბრძოლველობას, უფრო სწორად. მაგალითად, რა სიტუაციაა დღეს სახელმწიფო სამსახურში ტენდერებთან დაკავშირებით, მექრთამეობასთან დაკავშირებით, რაშიც ჩაეფლო ქართული ოცნების მთავრობა. აქ სახელმწიფო საიდუმლოება რა არის? განა არ ნიშნავს ამ ნაწილის დახურვაც იმას, რომ დასამალი აქვს რაღაც მთავრობას“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მდივანმა, გიორგი კანდელაკმა.
სხდომის დახურვის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის საქმიანობა ოპონენტების ზეწოლისკენ არის მიმართული, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ბევრი გამოწვევების წინაშე დგას.
„სუს-ის რესურსები არის მიმართული დიდ წილად პოლიტიკური ოპონენტების დევნის, ზეწოლის და თვალთვალის მიმართულებით, მაშინ როდესაც ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. ჩვენ ვნახეთ, რომ ანგარიშში არის საუბარი ზოგადად გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, თუმცა მე პირადად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვერ გავიგე რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
სხდომის დახურვას უსამართლოს და არასწორ გადაწყვეტილებას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სხდომაზე კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით ისმება, დახურვის გადაწყვეტილება უადგილოა.
„სხდომა დაიხურა აბსოლუტურად უსამართლოდ. აპელირებდა ბატონი მაღალჩინოსანი სუს-იდან, რომ თითქოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები საჯაროდ, მედიის თანდასწრებით არ უნდა განიხილოს. კი ბატონო, როდესაც ტერორიზმთან დაკავშირებით ვსვამთ კითხვებს, დაიხუროს მედიისთვის, როდესაც საოკუპაციო ძალებთან დაკავშირებით ვსვათ კითხვებს, დაიხუროს, მაგრამ როდესაც კორუფციასთან დაკავშირებით ვსვამთ კითხვებს, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, როგორიც არის ბატონი კვირიკაშვილი ვისზეც ბატონი ივანიშვილი საუბრობს, რომ 700 მილიონი მოიპარაო, ბატონი გოგაშვილი, რომელიც იყო სოციალურად დაუცველი და გახდა დეკლარირებული მილიონერი. აქ რა არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იმდენად საკითხი, რომ მედია არ უნდა დაესწროს“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.