ერთ მომიტინგესაც რომ ჩამოუვარდეს თმის ღერი, ივანიშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს გადაწყვეტს ხალხი - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ქვეყნის მტერს უწოდებს მას, ვინც პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვიტონ ჰესების მშენებლობა და თითი არ დააკარონ არც ერთ მომიტინგეს.
„ვინც ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მშვიდობიანი ხალხისთვის დაეპირისპირებინა შეირაღებული ძალები, ის არის საქართველოს უპირველესი მტერი და მან უნდა აგოს პასუხი. ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ გასცა ეს დანაშაულებრივი განკარგულება და რა თქმა უნდა გასცა ივანიშვილმა წინასწარ გეტყვით. და სველი თითი არ უნდა დაადონ მომიტინგეებს. მე წინასწარ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, პასუხისმგებლობის სუბიექტი არის ეს რეჟიმი.
"ივანიშვილის რეჟიმს დარჩა ძალიან ცოტა, ის უკვე იმყოფება შემოდგომის ბუზის სტადიაში, ამიტომ რაც დარჩათ იმ პერიოდში, შეწყვიტონ ჰესების მშენებლობა მთელ საქართველოში და არცერთ მშვიდობიან მომიტინგეს პროტესტანტს არ ჩამოუვარდეს ერთი თმის ღერიც. სხვა შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხს გადაწყვეტენ არა კომპეტენტური ორგანოები, არამედ ხალხი და იქნებიან ამის ღირსები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.
სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.
ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.
მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.