საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია, პანკისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მმართველი გუნდის დეპუტატი ფიქრობს, რომ გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ბევრისთვის მისაღებიც იყო, რადგან ქვეყანაში ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პრობლემა არსებობს.
კაკულიას განცხადებით, ქვეყანას ენატრება სახელმწიფო მოხელე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და მოქმედებს. მისი თქმით, სხვა საკითხია სპეცრაზმის მოქმედება.
დეპუტატის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა აზრი,რომ სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენება აღქმულია, როგორც ძალის უპირობო გადამეტებად. კაკულიას აზრით, ასეთი სტერეოტიპის არსებობა არასწორია.
"გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - ახლა თუ ვინმეს რამე ენატრება ამ ქვეყანაში არის სახელმწიფო მოხელე, რომელი გადაწყვეტილებებს ღებულობს. ბევრს მოეწონა კიდეც, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება პრობლემა აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის მეორე მოცემულობა,. წინა ხელისუფლების დროს მოხდა სამწუხაროდ აზრის დამკვიდრება,რომ ძალოვნების მიერ გამოყენებული ძალა ასოცირებულია უსამართლობასთან, მაგრამ ამ სტერეოტიპით ვერ მიუდგები. გამოსაკვლევია რა მოხდა,“- განაცხადა კაკულიამ.
ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.
სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.
ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.
მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.