საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ლევან გზირიშვილი პასუხობს. ის საბჭოს იმ წევრთა შორის არის, რომლის გაწვევასაც „ევროპული საქართველო“ ითხოვს. ლევან გზირიშვილი აცხადებს, რომ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ის არ მიიღებს და ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს,
„პოზიციის დაფიქსირება, ადამიანისთვის დაწამება, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში ჩარევა. გამჭირვალე იმდენად იყო, რამდენადაც ეს პიროვნებები საბჭოს ჰყავდა კარგად შესწავლილი. მე იურისტი ვარ და დასაბუთების გარეშე ვერავითარ ასეთ იარლიყს და სტიგმას ვერ მივიღებ თუ მე თვითონ არ ვარ ამაში დარწმუნებული. თუ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება. თუ არ არის კონკრეტული ქეისი რომელის მიხედვითაც შეგვიძლია შევაფასოთ მოსამართლის საქმიანობა ან მისი მიკუთვნება არ მიკუთვნება, კლანთან თუ სხვა...“-განაცხადა ლევან გზირიშვილმა.
გზირიშვილი იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა შორის არის, რომელმაც მოსამართლეთა სკანდალურ სიას მხარი დაუჭირა. დღეს მან ამ საკითხზე კომენტარი პირველად გააკეთა და განაცხადა, რომ სიაში მოხვედრილი მოსამართლეები არიან კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები.
„ჩვენ დავუჭირეთ ათ-კაციან სიას. ათი წელი რომ მუშაობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე და შემდეგ არის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, რომლის კომპეტენციაც და კეთილსინდისიერებაც შესწავლილია საბჭოს მიერ და მიღებული აქვს დადებითი შეფასება ... ჩვენ ათ-კაციან სიას დავუჭირეთ მხარი,“- განაცხადა ლევან გზირიშვილმა.
ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც. გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ის სამი წევრი ოპოზიციამ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოარჩია.
„ეს ადამიანები იმის მიხედვით არ არიან ამორჩეული, რომ ისინი კარგად ასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას თუ არა. ეს ადამიანები ამორჩეულები არიან ზუსტად იმ პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომლითაც მიმდინარეობს აი ეს რაღაც კამპანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით, გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარე, რომ არ მოეწონა ვინმეს და მიზანშეწონილობის საკითხი თუ რატომ შეიძლება მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ წევრმა ამ გადაწყვეტილებას ან სხვა გადაწყვეტილებას, ზუსტად ამაზე დაყრდნობით ვრცელდება ეს. ეს არის მცდელობა, რომ პოლიტიკური გავლენები იყოს საბჭოს გადაწყვეტილებებზე,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
„ევროპულმა საქართველომ“ მოთხოვნა იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე დააყენა. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია სამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრზე. ესენი არიან: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე. საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ისინი ვერ ასრულებენ პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ. „ევროპული საქართველო“ თვლის, რომ იუსტიციის საბჭოს ეს სამი წევრი კონკრეტული ჯგუფების მითითებას ასრულებს.