19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
„პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია" - პანკისში მომხდარ შეტაკებას პრეზიდენტი მომხდარიდან მეორე დღეს ეხმაურება

პანკისში მომხდარ უმძიმეს შეტაკებას საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით მომხდარიდან მხოლოდ მეორე დღეს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუღებელია პოლიციელზე ძალადობა იმ ქვეყანაში, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია. პრეზიდენტი კონკრეტული წინადადებებით გამოდის, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჰესების მშენებლობა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს სრული გეოლოგიური კვლევა და საფრთხეების შეფასება.

„პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერი სახელმწიფოში მიუღებელია. მითუმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს - ჰესის მშენებლობას, აქ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიური წინსვლა. მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის  გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისში ადგილობრივებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა. ხეობის მოსახლეობა ადგილზე ჰესის მშენებლობას აპროტესტება. ადგილზე სპეცრაზმის გამოჩენას მათი გაღიზიანება მოჰყვა. შეტაკებების დროს სპეცრაზმმა მოსახლეობის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მოსახლეობამ კი სამართალდამცავებს ქვები ესროლა. დაშავებულები ორივე მხარეს არიან. მათი ნაწილი ჰოსპიტიზირებულია. 

დღის ამბები