ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი, არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობას. სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს უხდის. პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური დაცვის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაიწყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.
„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე,
როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი, არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.