19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
"საბედისწერო შეცდომა" - ოპოზიცია პანკისში მომხდარი შეტაკებების გამო გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

საბედისწერო შეცდომა - ასე აფასებს ოპოზიცია პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანას და აქციის მონაწილეების წინააღდეგ ძალის გამოყენებას. რატომ ესროდნენ ხალხს რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენი გაზის კაფსულებს - ამ თემაზე განმარტების გაკეთება შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუწევს. კითხვები დეპუტატებს მხოლოდ გიორგი გახარიასთან არ აქვთ. პარლამენტშია დაბარებული ეკონომიკის ახალი მინისტრიც. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმი ხეობაში, ნათია თურნავას მოთხოვნის საფუძველზე შეიყვანეს.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას საგანგებოდ მიმართავს რომ გადაბრალების რეჟიმიდან გამოვიდეს და პასუხისმგებლობა გუშინდელ დაპირისპირებაზე სრულად აიღოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობამ ბეწვის ხიდზე ძალოვანი უწყებების არასწორი პოლიტიკის გამო კიდევ ერთხელ გაიარა.

სახლმწიფოებრიობამ რომ გუშინ ბეწვის ხიდზე გაიარა ამას უმრავლესობის წევრებიც ადასტურებენ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ძალოვანი უწყების არასწორ ქმედებებს ვერ ხედავენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ვინც პოლიციელებს ქვებს ესროდა, ხელისუფლება მკაცრ პასუხს გაცემს. უმრავლესობის საერთო გზავნილი დღეს ისიც იყო, რომ პანკისში გარკვეულმა ძალებმა ისარგებლეს და პრობლემები იქ საგანგებოდ შექმნეს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი  ხელისუფლებას მოუწოდებს მუქარას და პანკისელებთან ომს თავი დაანებოს. ოპოზიცია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხს აყენებს.

დღის ამბები