საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ Ross-ს ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა.
როს უილსონის თქმით, რუსეთისთვის დამახასიათებელია, რომ თვალყური ადევნოს ამერიკის მხრიდან მსგავს აქტივობებს.
„რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ეს დამახასიათებელი პრაქტიკაა, რომ მიყვეს და აკონტროლოს ამერიკის და სხვა მოკავშირეების სამხედრო ხომალდების შემოსვლა და ქმედებები შავ ზღვაში. რა არის რუსეთის განზრახვა ან შიში. ვფიქრობ, ეს შეკითხვები რუსების მისამართითაა. ჩვენ ვსარგებლობთ უფლებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ამგვარი ოპერაციების განსახორციელებლად. ეს ოპერაციები მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის საქართველოს ჩათვლით. ველით, რომ სხვა ქვეყნები ამ რეალობას უნდა შეეგუონ,“- განაცხადა როს უილსონმა.
ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი USS Ross შემოვიდა. ნავსადგურში გემის ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხომალდის მეთაურს აჭარის მთავრობის წევრები და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.