გამოწვევა მიღებულია - შინაგან საქმეთა მინისტრს ევროპული საქართველო ფინჯან ყავაზე ეპატიჟება და მზად არის, კრიტიკული კითხვები პანკისის მოვლენებზე არაფორმალურ გარემოში დაუსვას.
პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფი ახლა პასუხს გახარიასგან ელოდება. დრო და ადგილი შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა თქვას.
ოპოზიციას ყავაზე შეხვედრა გიორგი გახარიამ გუშინ შესთავაზა და მზაობა გამოთქვა, პანკისში ჩატარებული მძიმე სპეცოპერაციის შესახებ არაფორმალურ გარემოში ესაუბრა.
დღეს გახარიამ ოპოზიციას აღარ უპასუხა და უცნობია, დასთანხმდება თუ არა მისივე შეთავაზებულ შეხვედრას.
რატომ გადაიტანა ყავაზე აქცენტი გიორგი გახარიამ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფორმატში მისულიყო, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, ამაზე მარტივი ახსნა აქვს.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პანკისის სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტების არა ერთ ფაქტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები არა აქვს და თავის დაძვრენას ამ მეთოდით ცდილობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების ახსნას დღეს უმრავლესობა შეეცადა. გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ იუმორით ნათქვამი იყო და შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა კითხვას პასუხს მინისტრის საათის ფორმატში გასცემს.