„მოხდა სამარცხვინო ამბავი ქართველებისთვის და პასუხისმგებლობას მე ვაკისრებ გაუნათლებელ ბიძინა ივანიშვილს და მის დამქაშს და ბრმად ნების შემსრულებელს, ამ შს მინისტრს,“ - ეს განცხადება რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.
გიორგი შენგელაიამ 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები არჩევანის ეთერში შეაფასა, როდესაც სამართალდამცავები და მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა ჰესის მშენებლობის გამო.
„მიაყენეს მაგათ თავმოყვარეობას და მაგათ წესიერებას დარტყმა... ვის აშინებთ თქვენ თქვენი ტექნიკით? არავის თქვენი არ ეშინია!“ - განაცხადა შენგელაიამ.
შენგელაიას თქმით, ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, საზოგადოებამ პოზიცია უნდა ღიად დააფიქსიროს და მოსახლეობას აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.
რეჟისორი მოსახლეობას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი ხალხი, ვისაც დარჩა ნამუსი, ვინც არის გაჭირვებული, ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც წინააღმდეგობა გაუწია ბიძინას და უწევს, უნდა შევიკრიბოთ ჩვენს ცნობილ დიდ მოედანზე, პარლამენტის წინ,“ - ამბობს შენგელაია.