„ელემენტარული სიბრიყვე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.
ხუხაშვილი სპეცრაზმის ხეობაში შეყვანას არ ამართლებს და ამბობს, რომ ზუსტად ვერ იტყვის, ვინ დაუშვა შსს-ში შეცდომა, გახარიამ თუ მისმა მოადგილემ.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, თუმცა, „შოუს ელიან". მისივე შეფასებით, ოცნება უბიძგებს გახარიას, რომ მან არასწორი ნაბიჯი გადადგას.
„გახარიას ახლა ყველა ეუბნება, მთელი ოცნების ელიტა და მათ შორის, ყველაზე შემაშფოთებელია, სუს-ის არგუმენტები, სუს-ის კომენტარები, როდესაც მათ, ფაქტობრივად, ხელი დაიბანეს, როდესაც განაცხადეს, წადით და იმათ ჰკითხეთ, რა გააკეთესო. კონტექსტში იკითხება მარტივი რაღაც, რომ სუს-ი ეუბნება, ხელისულებას ელაპარაკება და ჩვენთვის ეკითხათ და რაღაცას ვეტყოდით, ჭკუას ვასწავლიდითო, თითქოს, თავის დროზე თვითონ რაც ჩაატარეს, მაჩალიკაშვილის ტრაგედია მაქვს მხედველობაში, სულ წელგამართულები არიან იმის შემდეგ. ეს მოვლენებიც დიდწილად სტრესის შედეგია, რაც მოჰყვა მაჩალიკაშვილის საქმეს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ძალის ცენტრების გადანაწილება მოხდა ხელისუფლებაში, პირველ რიგში, დაბრუნდა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი.