19 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
"თემა არის ძალიან ფრთხილად გასარჩევი... ჩვენ ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ" - ჩუგოშვილი პანკისის მოვლენებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პოლიტიკოსებს, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ პანკისის დაპირისპირების საკითხზე საუბარს.

ამის შესახებ განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა. 

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პოლიტიკური ელფერი ამ საკითხს უნდა მოშორდეს. ის მიიჩნევს, რომ ჯერ სრულყოფილი ინფორმაცია ყველა მხარეს არა აქვს, თუ რა მოხდა რეალურად პანკისის ხეობაში და ვინ დაარღვია კანონი.

„თემა არის ძალიან ფრთხილად გასარჩევი. როდესაც ამ თემაზე საუბრის და ამ თემის შეფასებების სიფრთხილეზე ვსაუბრობთ, გუშინ თქვენი ტელევიზიის დირექტორი ერთადერთი ადამიანი იყო, მე მგონი, ვინც თქვა, რომ გვითხარით, როგორ გავაშუქოთ სწორადო. ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება იყო და შესაბამისად, დღესაც მგონია, ამ მოვლენების ფრთხილი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ერთად ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები პოლიტიკურ ელფერს აძლევენ, მაგრამ მე არ მინდა, ასე მოვიქცე, რადგან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას და მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია დამშვიდდეს და დაწყნარდეს. რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ის ზოგადად მომხრეა, რომ კანონი აღსრულდეს სამართლიანად, თუმცა, ის ამ განცხადებაში არ გულისხმობს, რომ უნდა დაიწყოს მასობრივი დაპატიმრებები.

„მე მგონია, რომ კანონს დაცვა და აღსრულება სამართლიანად და სწორად არის ხოლმე ზოგადად სწორი გზა და სწორი გამოსავალი. თუმცა, იმ სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც ამ მოვლენებს ახლავს, მე ყველა სიტყვას ვამბობ ძალიან ფრთხილად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მუდმივად არსებობდა კომუნიკაცია და ის, რაც მოხდა კვირას, მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

თამარ ჩუგოშვილი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ოპონენტების მოთხოვნებს ეხმარება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ის, რაც პანკისში მოხდა, მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„მთიანად ხელისუფლების პრობლემა არის ის ყველაფერი, რაც კვირას ვითარდებოდა და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოვლენები სწორედ წავიდეს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები