"სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა,“- ასე ეხმაურება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია ლევან ჯიბღაშვილის საქმეს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, მსგავსი შემთხვევები უსამართლობის განცდას ბადებს.
ეკა ბესელიას განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დაფარვა დაუშვებელია. უკვე მესამე დღეა, გახარიას და თადუმაძის უწყებები არ ამბობენ, რა ოდენობის და რამდენი სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.
„ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრალის დოკუმენტშიც უნდა ეწეროს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რომლითაც უნდა შეფასდეს ქმედების შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში, როდესაც კანონის მიმართება ხდება მის ქმედებასთან. ეს და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას და ეს ერთ-ერთი კრიტიკის საგანია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით, მას შემდეგ დატოვა, რაც გირაო გადაიხადა.