12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დეტალებს ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ყოფილი წევრები ამ წუთებში ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობენ.
მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე ჩააგდო, თუმცა კანონპროექტს მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ეკა ბესელიას თქმით, ცვლილებებს მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების თქმით, დააყენებენ საკითხს, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ განიხილოს.
„წინა კვირას ბიუროც კი არ ჩაატარა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ შესულიყო და არ გამოიტანა განსახილველად. პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, რომ შემდეგი კვირის სასესიო პირველივე დღეს პარლამენტმა დაიწყოს განხილვა პირველი მოსმენით ჩვენი კანონპროექტის. ეს ის კანონპროექტია, რომელშიც ყველა რეკომენდაცია ასახულია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ და ითხოვენ, რომ პარლამენტმა ის მეორე მოსმენაზე დააბრუნოს.
„ჩემთვის არსებითად მართლმსაჯულებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური წნეხი შეიძლება ისეთი აღარ არის მართლმსაჯულებაზე, აღარ არის ისეთი, როგორის სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს მოსამართლეები ისევ არ იქცევიან იმ პოლიტიკურ გარანტად, რომლებიც იყვნენ სააკაშვილისთვის უკვე ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში,“ - განაცხად გედევან ფოფხაძემ.
შეხვედრას ესწრებიან NDI-ისა და IRI-ის წარმომადგენლები, რომლებიც დისკუსიის დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, აუცილებელია, რომ სასამართლო ე.წ. კლანისგან გათავისუფლდეს.
„ყველა კანონპროქტი, რომელიც კალნს შეუკრავს ხელ-ფეხს და მას არ მისცემს ასეთ ფართო თავისუფლებას, როგორიც მას კობახიძის პროქტით აქვს, ყველა კანონპროექტი მისასალმებელია. სხვა შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ ის 10-კაციანი სია, რომელიც წარმოდგენილი იქნა დეკემბერში, სახეშეცვლილი ფორმით იქნება დამტკიცებული იუსტიციის საბჭოს მიერ,“ - განაცხადა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარემ, კახა წიქარიშვილმა.