სახელფასო პოლიტიკა თბილისის მერიაში და მერის მოადგილეების ანაზღაურება- კახი კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომა დღეს მისივე მოადგილეების სახელფასო ანაზღაურებაზე საუბრით გახსნა.
თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ანაზღაურება მაღალი არ არის და ის 2013 წლის მაჩვენებელს ბევრად ჩამოუვარდება. მერი ირწმუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია მერიაში სახელფასო ანაზღაურების გაზრდის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე ვიცე მერმა მოიმატეს ხელფასები 2018 წელს. დაახლოებით საუბარი იყო 113 და 119 პროცენტიან მატებაზე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო სამსახურის რეფორმის მიხედვით, რომელიც განხორციელდა 2017 წელს და ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან, თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და ამას დაერქვა თანამდებობრივი სარგო, ანუ ეს არის ხელფასი და პარალელურად თანამდებობის პირებისთვის აიკრძალა პრემიები, ანუ ვერც ერთი ჩემი მოადგილე დღეს ვერ იღებს ვერც პრემიას და ვერც დანამატს. არ მიყვარს წარსულში დაბრუნება, მაგრამ გვიწევს იმისთვის, რომ მოხდეს შედარებების გაკეთება და მოსახლეობამ ძალიან კარგად მიიღოს ინფორმაცია თუ რა ხდებოდა ზოგადად ხელფასებთან დაკავშირებით. როგორია დღეს მერის მოადგილეების ხელფასები და როგორი იყო 2013 წელს. ისე კარგი გემოვნება და კარგი მადა ჰქონიათ,“- განაცხადა კალაძემ.