ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ რუსეთის ამ ნაბიჯით, საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს კიდევ ერთხელ სცდება.
კონსტანტინიდი რუსეთის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი პროცესები საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობას.
„ეს არის დესტრუქციული ქმედება, რომელიც არც ერთ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს. მეორე, ეს არის მილიტარიზაციის ნაწილი, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეწევა ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. მესამე, რა თქმა უნდა ყველა ასეთი მოქმედება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობას და სტაბილურობას მთლიანად რეგიონში“ - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი.
გასულ კვირას სამხედროებმა სარაკეტო შეტევების მოგერიებაში ივარჯიშეს. დღეს კი წვრთნას პირობით მტრის ობიექტების დაბომბვაში გადიან. სწავლებებში მონაწილეობს 3 ათასი ჯარისკაცი, 400 ერთეული ტექნიკა და სამხედრო გემიც.