იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. ზაზა ხარებავა ამბობს, რომ პარლამენტს მისი გამწესების დროს კანონი არ დაურღვევია და არასამთავრობო სექტორი მას მიზანმიმართულად, პოლიტიკური საფუძვლებით ებრძვის.
„ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. იურიდიულ საქმიანობას ახორციელებდა და სავსებით ლეგიტიმურია. აი ეს ინსიმულაციები და ინტერპრეტაციები, ეს არის მოგონილი თემა. ვინ ვის ლობირებდა, ვინ ვის რას ესაუბრებოდა ეს ხომ ჩემი თემა არ არის. ამით შეგიძლიათ მიმართოთ პარლამენტს,"-აცხადებს ხარებავა.
დღეს ზაზა ხარებავამ დაადასტურა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა.
„დიახ ჩემი მეჯვარეა. არა მარტო ამ პატარა ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში ვიღაცა ვიღაცის მეჯვარეა, ვიღაცა ვიღაცის ნათლიაა მაგრამ ახლა თუ ამას ესე დავუკავშირებთ მაშინ ჩვენ მივალთ სადღაც გაურკვევლობამდე,“-განაცხდა ხარებავამ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. არასამთავრობო ორგანიზაციების მოკვლევით დადგინდა, რომ პარლამენტმა 2017 წლის ივნისში, კანონი დაარღვია, როცა ზაზა ხარებავა იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრებად გაამწესა.
კანონის ჩანაწერის მიხედვით იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად პირის წარდგენისას კონკრეტულ წარმდგენ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს იურიდიული საქმიანობის გამოცდილება სასამართლოში. ზაზა ხარებავა საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” წარადგინა, ფონდს კი იურიდიული გამოცდილება არ აქვს და ამჟამად მიკროსაფინანსო საქმიანობით არის დაკავებული. ფონდი სასამართლოში რიგ შემთხვევებში იყო მხარე, ან მას უჩიოდნენ თავად. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 2017 წლის ივნისს პარლამენტმა დაარღვია კანონი და ზაზა ხარებავა არალეგიტიმურად გაამწესა საბჭოში.