იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი სკანდალი და ბრძოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის - არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა პოსტს უკანონოდ იკავებს და მისი დანიშვნა პარლამენტმა კანონდარღვევით მოახდინა.
ორგანიზაცია, რომელმაც ზაზა ხარებავა არამოსამართლე წევრად პარლამენტს წარუდგინა სასამართლოში იურიდიულ საქმიანობას არ ახორციელებს. საკანონმდებლო ორგანომ ეს დოკუმენტები შეისწავლა და დადებითი დასკვნაც მოამზადა, თუმცა 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პარლამენტმა კანონი დაარღვია.
სამოქალაქო ორგანიზაციებში დარწმუნებული არიან, რომ 2 წლის წინ დანიშვნისას, ხარებავას შესახებ მონაცემები გაყალბდა, ის საბჭოში სასამართლოს კლანის ლობირებით მოხვდა და ახლა უნდა დატოვოს თანამდებობა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხარებავას გადასარჩენად პრაქტიკულად ულოგიკო არგუმენტებს იგონებენ. რადგან ერთი ხმის დაკარგვის შემთხვევაშიც კი შესაძლოა ე.წ. კლანმა ხელიდან გაუშვას უზენაესი სასამართლოს სასურველი მოსამართლეებით დაკომპლექტების შანსი.
არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ ხარებავას კანდიდატურა პარლამენტში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობირებით მოხვდა. ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი შენგელიას, მეჯვარე და შვილის ნათლიაა. შენგელია სასამართლოს მმართველი კლანში კი ერთ -ერთ გავლენიანი ფიგურაა, ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილეა.
სავარაუდო კანონდარღვევა 2 წლის წინ მოხდა, როცა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. ბესელია ამბობს, რომ ფორმალური საფუძვლები დარღვეული არ იყო, თუმცა ხარებავას ის მხარს არ უჭერდა და გუნდში ეს საკითხი განხეთქილების მიზეზი იყო. ბესელიას განცხადებით, არამოსამართლე წევრებს ვანო ზარდიაშვილი ლობირებდა, ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილსაც ეკამათა.