ზესტაფონის მერობის კანდიდატები, არჩევნების წინ ზეწოლასა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ. ოპოზიციური სპექტრი „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
19 მაისს დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის პოსტისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს. ისინი ადგილობრივ პრობლემებს შორის პირველ რიგში, გაუმართავ ინფრასტრუქტურას და მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე ამბობს, რომ ქალაქის მერიაში საქმის ნაცვლად მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული, უსაფუძვლოდ აუქმებენ სოციალურ დახმარებებსაც. სწორედ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ასახელებს პრიორიტეტად ოპოზიციის კანდიდატი, რომელსაც მხარს „ევროპული საქართველოც“ უჭერს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია, რომელიც ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს, თავის პრიორიტეტად ფეროშენადნობთა ქარხნის მოგების ადგილობრივებისათვის უკეთესად გამოყენებას ასახელებს. გოგი წულაიას მხარს უჭერს, თუმცა საკუთარი კანდიდატი მაინც წარადგინა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ. „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" სახელით კენჭს, არჩევნებში დედა-შვილი იყრის.
ზესტაფონის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი, თუმცა 2013 წლიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და სწორედ ამ პარტიიდან მერიაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსადაც მუშაობდა. პარტიის დატოვებას კი ვახტანგ რობაქიძე ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს უკავშირებს. სწორედ შალვა კიკნაველიძეს ადანაშაულებს ის თავისი მხარდამჭერების დაშინებასა და საზოგადოების დანაწევრებაში.
დაშინების ფაქტებს არ ადასტურებს სახელისუფლებო კანდიდატი და ამბობს, რომ ეს შესაბამისი უწყებების გამოსაძიებელია. გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც ზესტაფონის წინა მერის გადადგომის მოთხოვნით აქციებს ატარებდა და პროკურატურაშიც უჩიოდა, შუალედური არჩევნების დანიშვნას საკუთარ დამსახურებად თვლის.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი