19 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
გრაფიკი იცვლება - თბილისის მეტროთი მგზავრობის საათები შესაძლოა შემცირდეს

თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი იცვლება - მეტროთი მგზავრობის საათები შეიძლება შემცირდეს. მიზეზად დაგეგმილი რეაბილიტაცია სახელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს თბილისის მერმა, კახი კალაძემ გააკეთა.

მან განმარტა, რომ თბილისის მეტროში არსებული ძალოვანი კაბელის გამოცვლა იგეგმება და სწორედ ამის გამო შესაძლოა, მგზავრობის საათები შემცირდეს.  

„ამ სამუშაოების წარმოების დროს ალბათ, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცი, თუმცა მეცოდინება ძალიან მალე, შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის საათებში, ისევე, საღამოს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის და პლუს, ასევე, სასიგნალიზაციო-სავინტილაციო სისტემების ცვლილება,“ - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მეტროსადგურებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტების კრიტიკას თბილისის მერი არ იზიარებს. კალაძის თქმით, თბილისის მეტროში თითქმის 25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.

კალაძის თქმით, მერიას პრიორიტეტები ზუსტად აქვს განსაზღვრული და მოქმედებენ იმ გეგმის, რომელმაც მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობა უნდა უზრუნველყოს.

„მთელი 20-25 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა მეტროში, ერთადერთი დათო ნარმანიას დროს დაიწყო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია. საერთოდ თითი არ დაუკარებიათ არაფერზე და კეთილი ინებონ, ხალხს მაინც ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას, არაპროფესიონალებს ეძახიან ადამიანები, ვინც დღე და ღამის განმავლობაში მუშაობს მეტროში, ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს,“ - განაცხადა კალაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები