19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
კალაძე ამაყობდა მეტრო ვითარდებაო, ვითარდება კი არა უკან-უკან მივდივართ - ლევან ხაბეიშვილი

„კალაძე ამაყობდა, რომ ახალი ვაგონები დავამატეთ მეტროს და ამ მიმართულებით მეტრო ვითარდებაო, ვითარდება კი არა, უკან-უკან მივდივართ,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ოპოზიციონერი დეპუტატი თბილისის მეტროპოლიტენში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება.

„კალაძე გამოვიდა და ამაყობდა, რომ ახალი ვაგონები დავამატეთ მეტროსო და ამ მიმართულებით მეტრო ვითარდებაო, ვითარდება კი არა, უკან-უკან მივდივართ და ეს დამსახურებაა კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ იმ გუნდის, რომელმაც ფაქტობრივად, მოარღვია სისტემა, რომელიც იყო აწყობილი მეტროში. უკაცრავად, შევარდნაძის დროსაც კი არ გაჩერებულა მეტრო ამდენჯერ და ამდენი ე.წ. ავარია არ მომხდარა, რაც მათ შორის, კალაძის დროს. თუმცა, ვერ დავაბრალებთ მარტო კალაძეს, ეს ყველაფერი დაიწყო ნარმანიადან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ვაგონშემკეთებელი ქარხანა გააჩერეს, იქ კონკრეტულ ადამიანი მოიყვანეს ძიძიკაშვილი, დაკავებულია კორუფციით, მისი ნათესავები მოიყვანა და დაასაქმა და პროფესიონალი ბიჭები გააქციეს აზერბაიჯანში,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის თემა აქტუალური გუშინდელი შემთხვევის შემდეგ გახდა. დღის ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე დაზიანების შედეგად აალება მოხდა. ამის გამო კი მეტროპოლიტენი, დაახლოებით, ერთი საათით პარალიზებული იყო. საჭირო გახდა ყველა მგზავრის ევაკუაცია.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები