სამართლიანი სასამართლო, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები იმ მთავარ ფასეულობებს ასახელებენ, რა შემთხვევაშიც ქვეყანას შეუძლია ალიანსის წევრი გახდეს.
საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი რომ გახდეს, საჭიროა, ქვეყანამ ალიანსის ფასეულობები გაიზიაროს. მათივე თქმით, ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, არამედ დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული ორგანიზაციაა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მადელინ მუნი „კურიერთან“ აცხადებს, რომ ქვეყნებს, რომლებსაც ალიანსის წევრობა სურს, მის ფასეულობებს უნდა იზიარებდნენ.
„ნატო-ს საქართველოსთან დაახლოების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რის გაკეთებას აპირებს თავად საქართველო, რომ დაუახლოვდეს ნატო-ს, ანუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ ერთად, რომ მიზანს მივაღწიოთ და ორი მხარე უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. არის საკითხები, რომლებსაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება - ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და არ არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც უნდა გაკეთდეს. მაგალითად, მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ ნატო-ს ღირებულებების გამტკიცებაც. ეს არის კორუფციასთან გამკლავება, მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა - ყველა ეს საკითხი გადამწყვეტია,“ - აცხადებს მუნი.
საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბევრად უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს სკეპტიკოს ქვეყნებთან, რათა საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი იყოს.
„პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით მთავრობას სჭირდება მუშაობის გააქტიურება. ძალინ მნიშვნელოვანია შიდა საკითხებზე კონცენტრირება, მაგრამ ამას გარდა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ გარღვევა მოახდინოს დასავლეთის დედაქალაქებში. საზოგადოებას საკმარისი ინტერესი არ აქვს ნატოს გაფართოების მიმართ. სამწუხაროდ, არსებობს რუსული ფაქტორიც, რომელიც ამას ხელს უწყობს. აშკარად შესამჩნევია სტაგნაცია ყველა მხარეს. ამიტომ თქვენმა მთავრობამ უნდა იფიქროს გარღვევის მოხდენაზე ნატოსკენ მიმავალ გზაზე. რა თქმა უნდა, მთავარი გზავნილი დემოკრატიაა,“ - აცხადებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ლიეტუვადან, რასა იუკნიავიჩენე.
ამ წუთებში კი როუზ-როსის საიუბილეო სემინარზე ნატო-ს ღია პოლიტიკაზე მიმდინარეობს საუბარი.