საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ღიად საუბრობენ, რომ მიგრაცია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნას და ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საშიშროების წინაშე ქვეყანა არ დადგეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის თემაზეც ისაუბრა. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საკითხი საკმაოდ რთულია, თუმცა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ცალკე უწევთ მუშაობა იმისთვის, რათა დასაქმების შესაძლებლობა რეალური გახდეს.
"ევროკავშირისა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მოთხოვნით ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობამ იმატა. ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ არასწორად გაიგო ამ შეთანხმების არსი. საკანონმდებლო დონეზე შევიტანეთ ცვლილებები იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ფაქტების წახალისება. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ცალკეული ადამიანები ცდილობენ, რომ ხელი მოითბონ ადამიანების გაუცნობიერებლობაზე და ხელს უწყობენ ასეთ პროცესებს, რაც დასჯადი გახდება ჩვენი კანონმდებლობით. ეს არ არის მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანების დასაქმების პროექტი, ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურად ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც პრაქტიკულად. ეს არის ორმხრივი პროცესი,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.