19 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
„ვერ აღიარებთ ბატონო ანრი, რომ ჩინჩალაძე და მისი ჯგუფი არის გავლენიანი და არაკეთილსინდისიერი"- არასამთავრობო ორგანიზაციებთან უმრავლესობის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა-გამწესებასთან დაკავშირებით შექმნილი კანონპროექტის მესამე მოსმენამდე საკანონმდებლო ორგანოში ხმაური და დაპირისპირება მოხდა.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საუბრობენ. თუმცა, მანამდე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მმართველი გუნდი ვერ ახერხებს სამოქალაქო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესება არსებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სამართლიანად მოხდება და არა კლანის ინტერესების შესაბამისად.

„მთავარ გამოწვევას ვერ აღიარებთ ბატონო ანრი, რომ ჩინჩალაძე და მისი ჯგუფი არის გავლენიანი და არაკეთილსინდისიერი და ეს ხალხი უნდა შევზღუდოთ,“-მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვალიამ ანრი ოხანაშვილს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული კი კომიტეტის თავმჯდომარეს ახსენებს იმ ცინიზმს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იჩენდნენ.

„სანამ ვენეციის კომისიამ არ გითხრათ, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა არ ვარგა, ორი თვე, რომ მართლა ყველა ენაგადმოგდებული დავრბოდით არ შეისმინეთ და თქვენი ირონია და ცინიზმი ცას წვდებოდა ყველა კომიტეტზე,“- მიმართა ვერძეულმა უმრავლესობის წევრებს.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები,” შალვა შავგულიძე აცხადებს,რომ კანონპროექტი კლანის ინტერესებს არის მორგებული.

მისი თქმით, კანონპროექტი მიმართულია იქით, რომ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თვითნებური შერჩევა-წარდგენის შესაძლებლობა მიეცეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ საზოგადოება და ყველა წამყვანი ორგანიზაცია ხედავს ამ პროცესს, თუმცა მდინარაძის თქმით,  "ბოკერია, რომელიც იმ დროის კლანური მმართველობის შემოქმედი იყო" ამ პროგრესს ვერ ხედავს. 

შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ეკა ბესელიამ და თავის თანამოაზრეებთან ერთად გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდა. თუმცა „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე ისევ დაბრუნდნენ.

დღის ამბები