საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაც უნდა გამოსწორდეს, რომ მოსახლეობას ქვეყნის დატოვების სურვილი არ გაუჩნდეს, - ამ შინაარსის განცხადებებით ეხმაურებიან ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე შეკრებილი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც სტიმულს მისცემს ევროპაში წასულ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნდნენ.
“ერთადერთი გზა ევროპაში წასული მოქალაქეების დასაბრუნებლად ქვეყნის განვითარება, მეტი ინვესტიციის მოზიდვა, ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნაა. მხოლოდ ეკონომიკური სტიმული მისცემს ევროპაში ჩამოსულ ქართველებს ბიძგს სამშობლოში დაბრუნდნენ,”- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიტოლდ ვასშიკოვსკიმ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ლიეტუვადან ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს ის მიზეზები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები იძულებული ხდებიან არალეგალურ მიგრანტებად იქცნენ.
„ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს რა მიზეზით მიდის ხალხი ქვეყნიდან. მოსახლეობას სურს უკეთესად იცხოვროს და ამისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს. მთავრობამ უკეთ უნდა აუხსნას სხვა ქვეყნებს რეალურად რა ვითარებაა საქართველოში, მართლაც არსებობს პრობლემები, თუ ყალბ ამბებს ავრცელებენ. ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს და მეტი რამ გააკეთოს, რომ მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლის პროცესი შეჩერდეს, რადგან ეს ნამდვილად არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს,” - აცხადებს რასა იუკნიავიჩენე.
"მარტენს ცენტრის" ექსპერტის აზრით, არალეგალურ მიგრანტთა და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდა ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად, საქართველოში კანონის უზენაესობის დასუსტებამაც გამოწვია.
„საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს ვითარება. თუ ადამიანებისთვის არ არსებობს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის საბაბი, მაშინ პრობლემა არც ვიზებია. მაგრამ ვინაიდან კანონის უზენაესობა დასუსტებულია, საქართველოდან უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის და თავშესაფარს ითხოვს. მათი შეჩერება ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ეკონომიკური სიტუაციაც უნდა გამოასწოროს. ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად ევროპა ნაბიჯსაც არ გადადგამს,”-განაცხადა რონალდ ფრაუდენშტეინიმ.