მორიგი თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე - მესამე სექტორის წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელებში მორიგი შეტევა პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების დროს განხორციელდა.
ტროლების გააქტიურებასთან დაკავშირებით კვლევა მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საიას ხელმძღვანელის წინააღმდეგ ე.წ. ტროლების მობილიზება სულხან სალაძის პანკისის ხეობაში ჩასვლას მოჰყვა.
სულხან სალაძე აცხადებს, რომ ე.წ. ტროლების გააქტიურება და მათი მესიჯბოქსი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან თანხვედრაში არის ხოლმე.
„ძალიან საეჭვოა, რომ ყველა ამ პროცესში, პრაქტიკულად, ჩვენ კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან და ყველა ამ პროცესში სოციალური ქსელების საშუალებით, ტროლების თუ სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით ჩნდება კომენტარები, მოსაზრებები, რომლებიც პირდაპირ დაახლოებით თუ პარალელს გავავლებთ თანხვედრაშია იმ პოზიციასთან, რასაც ოფიციალურად ხელისუფლება ახმოვანებს ხშირად. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში, ზოგადად, იყენებენ ისეთ კონტექსტსაც, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს რელიგიურ ან ეთნიკურ თემატიკასთან. ეს არის ის საკითხები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაზეც ყველას მეტი გონიერება მართებს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივება დაუშვებელია და მსგავსი განცხადებებით ყალბი პროფილების უკან მდგომი პირები ქვეყნის საშიში და სახიფათო პროცესის მონაწილეები ხდებიან.
განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ე.წ. ტროლების გააქტიურებას არადემოკრატიულ პროცესებთან აიგივებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” IDFI-ს მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი, დავით ჭიპაშვილი.
„ხდება მუნდირის დაცვა, ხან აგრესიული შეტევები. საზოგადოების პირდაპირ, რომ ვთქვათ, გახლეჩვის მცდელობები,“ - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.
„მედიის განვითარების ფონდმა“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება, როგორ ხდებოდა პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად ხელისუფლების ნარატივის ტროლებით გავრცელება.
გაშიფრულია მათი მიზნებიც - ირკვევა, რომ პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს სოციალურ ქსელში ერთი და იგივე პირები ყალბი პროფილებით სარგებლობდნენ, იცავდნენ ხელისუფლების პოზიციებს და აღვივებდნენ შუღლს.